No icon

ეკლესიის პოზიცია სასაფლაოზე ღრეობასა და ლიტრობით ღვინის სმაზე

loading...

"ცუდი ტრადიცია იყო, რომ აღდგომის დღესასწაულს ადამიანები მიცვალებულებს უკავშირებდნენ, მაგრამ ჩვენი პატრიარქის დიდი ძალისხმევითა და შემწეობით, სწორი დასაბამი დაედო აღდგომის სწორად აღნიშვნას საქართველოში, რომ აღდგომას არ გავიდეთ საფლავზე", - ამბობს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კოლხი, რომელსაც კონკრეტულად ამ საკითხზე ვესაუბრეთ - ქრისტეს აღდგომის შემდეგ, როდის უნდა გავიდეთ მიცვალებულთა საფლავებზე. ჩვენ აგრეთვე დავინტერესდით მისაღებია თუ არა ეკლესიისთვის სასაფლაოზე ღრეობა.

- აღდგომა არა მიცვალებულების, არამედ, ცოცხლების დღესასწაულია, ანუ სიკვდილი დათრგუნა და ქრისტე აღდგა. მაგრამ ჩვენში არაერთი ეკლესია სასაფლაოსთან მდებარეობს და აღდგომას ქრისტიანები ერთმანეთს შეძახილებით, - "ქრისტე აღდგა!" ეგებებიან. შემდგომ ტაძრის გარშემო შემოტარება ხდება და იმ დროს სიმბოლურად საფლავებზეც დადებენ ხოლმე კვერცხს, შეძახილებით: ქრისტე აღდგა! ანუ იმის შესახსენებლად, რომ აღდგება თითოეული ადამიანი. ეს ტრადიცია არ არის ცუდი და აქ არც არაფერი შეზღუდვაა იმაში, რომ საფლავთან არ მიხვიდე, მაგრამ უპირველესად უნდა გააცნობიერო, რომ რადგანაც ქრისტე აღდგა - ეს სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია და არა გლოვისა და მწუხარების.

- ადრე ეშლებოდათო, მგონი, ეს დღესაც ეშლებათ...

- ძირითადად აღარ ეშლებათ, მაგრამ მათ, ვისაც ეს ჯერ კიდევ გაცნობიერებული არ აქვს, საჭიროა შეხსენება, რომ აღდგომა მიცვალებულების დღე არ არის და ამ პერიოდში საფლავზე გლოვა არ შეიძლება. თუ მაინცდამაინც მივლენ, საფლავს უნდა შეუძახონ, რომ ქრისტე აღდგა! რითაც დიდი სიხარული შემოდის. მოკლედ, ამ ყველაფრისთვის უწმინდესმა დააწესა ასეთი დღესასწაული კალენდარში, აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი, რომელსაც საფლავთა კურთხევის დღე, დიდუბობა ჰქვია. შემდგომ კი კვირაცხოვლის სამშაბათი, ანუ თომას კვირის შემდეგ არის მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღე.

- წელიწადში მიცვალებულთა რამდენი მოსახსენიებელი დღე არსებობს?

- შვიდი და მათგან კვირაცხოვლის სამშაბათია ერთ-ერთი, როცა ხდება მიცვალებულთა პანაშვიდების გადახდა.

- ისე, საფლავზე გასვლის რიტუალიც საკმაოდ დამახინჯებულია. აღდგომის დღესასწაულზე საფლავზე შამფურებითა და 20 ლიტრიანი ბოცითაც მინახავს ადამიანები მისულები...

- ეს სირცხვილია. საერთოდ, არა მარტო საფლავებზე ღრეობა, არამედ ღრეობა ოჯახებშიც. ეკლესია გამიჯნულია ამ ქმედებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ტრაპეზი, ქართული სუფრა ღმერთისგან ნაკურთხია. ეს ყველაფერი ძალიან მოზომილად უნდა მოხდეს. თან, ერთბაშად ადამიანი არ შეიძლება ასე ხარბად შეექცეოდეს, რაც ხშირად ქართველებს გვახასიათებს. ყანწებს ვცლით, ლიტრობით ღვინოს ვსვამთ. თუ თითოეული ადამიანი ამას დააკვირდება, მიხვდება, რომ ამით უპირველესად მის ჯანმრთელობას ვნებს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ. ზოგადად, სამწუხაროა, როცა ქრისტიანი ადამიანი მოუწესრიგებელია, არ აქვს მაღალი შეგნება. არ შეიძლება ადამიანი ქრისტიანს უწოდებდეს საკუთარ თავს და აბინძურებდეს საფლავებს იქ მიტანილი საკვების ნარჩენებით. ზოგადად, არ უვლიდეს მიცვალებულთა საფლავებს და მინდობილი იყოს მხოლოდ იქ მომსახურე პერსონალზე. ეს ყველაფერი ცოდვაა და ადამიანის უკიდურესი გაუკუღმართება. ქრისტე ასეთი არ იყო და ამას არ მოუწოდებდა სხვებს. ჰიგიენა და წესრიგი, სისუფთავის დაცვა, სასაფლაოს მოვლა რომ აუცილებელი რამ არის, ეს დაუწერელი კანონია.

 

 

 

ესაუბრა დავით დოლიძე  

 

 

 

loading...

Comment