No icon

მიხეილ თევდორაძე: სტალინმა სახარება მაჩუქა

loading...

(ენ პი ეი) სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით, წაიკითხეთ,საინტერესოა

სტალინი დილის 6-7 საათზე წვებოდა დასაძინებლად და შუადღის 11-12 საათზე იღვიძებდა.მას რომ ვეახელი, რამდენიმე საქმიანი მითითება მომცა და, როდესაც გამოსვლას ვაპირებდი, საუბარი გამიბა. დაახლოებით, 20 წუთი მესაუბრა ჩემს ოჯახზე, მე საკმაოდ გაოცებული ვიყავი. ყველაზე საოცარი ის იყო, რომ ის მე ქართულად მელაპარაკებოდა, რაც არასდროს მომხდარა ჩვენი 33-წლიანი თითქმის ყოველდღიური ურთიერთობების განმავლობაში. სტალინი უეცრად მომიახლოვდა, თვალებში გამჭოლად შემომხედა და მითხრა: „ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა“. გავშრი და უეცრად ბერიას წუხანდელი კეთილგანწყობილი ღიმილი გამახსენდა. ვიგრძენი, რომ წამით გავფითრდი კიდეც, მაგრამ, სწრაფად მოვიკრიბე ნებისყოფა, სტალინს ეს არ გამოჰპარვია და მომიგო: 
-„სახარებიდანაა, ღმერთის სიტყვებია, სემინარიიდან ვიცი. ღმერთი თუ გწამს?“ 
მე უფრო მეტად დავიბენი და ძლივს ამოვღერღე: „ამხანაგო სტალინ! ღმერთი ხომ არ არსებობს?!“ სტალინმა არაფერი მიპასუხა, მხოლოდ გაეღიმა, შემდეგ თავის ბიბლიოთეკაში გაუჩინარდა. მე ერთ ადგილზე გაშეშებული დავრჩი და აზრების მოკრება მიჭირდა. ცოტა ხნის შემდეგ სტალინი ბიბლიოთეკიდან გამოვიდა, მას ლურჯყდიანი, პატარა წიგნი ეჭირა. მომიახლოვდა, წიგნი გამომიწოდა და მითხრა: 
-„ეს წმიდა ოთხთავია, სახარება. სპეციალურად ჩემთვის დავაბეჭდინე. გქონდეს, წაიკითხე და შემდეგ ვისაუბროთ“. 
ამის შემდეგ სტალინმა გამომიშვა, ხოლო თვითონ დასაძინებლად წავიდა. მორიგე ოფიცერს შევუარე, მითითებები მივეცი, მერე ყველა პოსტი გადავამოწმე და მხოლოდ ამის შემდეგ დავბრუნდი ჩემს ოთახში. თვალები ზეზეურად მეხუჭებოდა და როდესაც ტანზე გაუხდელად დავწექი, მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე, რომ სახარება კვლავ მარცხენა ხელში მეჭირა. მიუხედავად დაღლილობისა, წიგნი გადავშალე და პირველივე გვერდზე თვალი მომჭრა წითელი ფანქრით გაკეთებულმა ქართულენოვანმა წარწერამ: 
-„გენერალ თევდორაძეს – გენერალისიმუს სტალინისგან. ღმერთის რაობის გასაცნობად“.

loading...

Comment